ავტოსპორტიფორმულა 1

ფოტოს ისტორია: 1982 წლის 25 სექტემბერი, აშშ-ის გრან პრი, ლას ვეგასი

პოდიუმზე დაიანა როსის და მიქელე ალბორეტოს ვნებიანი ამბორი

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი პროტესტის ფონზე ძალიან საინტერესო პაექრობები მაინც მიმდინარეობდა, მსოფლიო ჩემპიონატმა ლას ვეგასში, სადაც მე-16 ეტაპი გაიმართა, გადაინაცვლა. აქ კეკე როსბერგის და ჯონ უოთსონის უშაუალო ბრძოლა უნდა გამართულიყო. მათ შორის სხვაობა ცხრა ქულას შეადგენდა და ირლანდიელი ავტომრბოლელი ოცნებობდა, რომ ფინელი მეტოქე ფინიშთან არ მისულიყო და საერთო გამარჯვებული თვითონ იქნებოდა. ამით უოთსონი ტიტულს მოიპოვებდა, რადგან როსბერგს მხოლოდ ერთი რბოლა ჰქონდა სეზონში მოგებული.

Ferrari-მ მარიო ანდრეტის მომდევნო რბოლაში დატოვება გადაწყვიტა, ჟაკ ლაფიტმა კი გამოაცხადა, რომ 1983 წელს Williams-ში გადადის. სასტარტო ბადე იგივე იყო, რაც „მონცაზე“, იტალიაში, თუმცა ამჯერად ალენ პროსტის და რენე არნუს ორი Renault პირველ რიგში მოკალათდა. მიქელე ალბორეტომ საოცარი მესამე შედეგი აჩვენა Tyrrell-Ford-ით და ედი ჩივერს (Talbot Ligier-Matra) და რიკარდო პატრეზეს (Brabham-BMW) აჯობა. როსბერგი მეხუთე იყო. მის გვერდით ანდრეტის Ferrari იდგა, ზურგსუკან კი-პატრიკ ტამბეი (Ferrari), უოთსონზე წინ. საუკეთესო ათეული დერეკ უორუიქმა უახლესი Toleman-TG183-Hart-ით „დახურა“.

რბოლის დღეს გამოცხადდა, რომ ტამბეი სტარტზე ვერ გამოვა ზურგის ტრავმის გამო.

სტარტზე ორი Renault დაწინაურდა, პროსტი ლიდერობდა, არნუ მეორე იყო. ალბორეტო, პატრეზე, ჩივერი, ანდრეტი, როსბერგი (Williams-Ford) და პიკე (Brabham-BMW) მათ მიჰყვებოდნენ. მეორე წრეზე არნუმ თანაგუნდელს გაასწრო და ლიდერი გახდა, მაგრამ მე-15 წრეზე პროსტმა ლიდერობა დაიბრუნა, არნუ კი მალე გაუჩინარდა, ძრავის პრობლემის გამო. 52-ე წრეზე პროსტი ალბორეტოს ჩამორჩა, რადგან მის მანქანას საშინელი ვიბრაცია აწუხებდა. Tyrrell-ი რბოლას წლების მანძილზე პირველად ლიდერობდა. 56-ე წრეზე უოთსონმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ ძალიან შორს იყო ლიდერისგან და ვინაიდან როსბერგი მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, McLaren-ის ავტომრბოლელს ტიტულის მოპოვების იმედი გადაეწურა. პროსტმა ჩივერიც კი გაატარა და ამერიკელი პილოტი მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

ალბორეტომ დამაჯერებელი პირველი გამარჯვება იზეიმა ფორმულა 1-ში. მას უოთსონი, ჩივერი, პროსტი, როსბერგი და დერეკ დეილი (Williams) მოჰყვნენ.

დაჯილდოების ცერემონიალზე სპეციალურად ცნობილი ადამიანები იყვნენ მიწვეულები, მათ შორის მუსიკოსი და მომღერალი, დაიანა როსი, რომელმაც მიქელე ალბორეტოს კუთვნილი პრიზი გადასცა და გამარჯვება ვნებიანი ამბორით მოულოცა, რამაც ოვაციები გამოიწვია.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button