სპორტი

Red Bull Air Race: მეთ ჰოლი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი პილოტია

ყველაზე დრამატულ სტილში, ავსტრალიელმა მფრინავმა, მეთ ჰოლმა Red Bull Air Race-ის ანუ საჰაერო რბოლების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სპორტულმა თვითმფრინავმა-Edge 540 V3 მას არ უმტყუნა.

საჰაერო რბოლების ისტორიაში ყველაზე დაძაბულ შეჯიბრებაში მეთ ჰოლმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა იაპონელმა მეტოქემ, იოშიჰიდე მუროიამ, საშინაო რბოლა, ჩიბას ტრასაზე, მოიგო, უძლიერესის სახელი მაინც ვერ შეინარჩუნა.

ათიათასობით აღფრთოვანებული გულშემატკივრის თვალწინ, მეთ ჰოლმა, რომელმაც Round 8-დან ფრანგი მიკა ბრაჟო გამოაგდო, იაპონურ რბოლაში მხოლოდ მესამე ადგილის დაკავება მოახერხა, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ იოში მუროიასთან ერთქულიანი უპირატესობით, ტიტული მოეპოვებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლის წარმატებამ დაჩრდილა, მუროიამ Final 4 ფრენის უშეცდომო შესრულებით მოიგო. ტრასაზე ის კანადელი პით მაკლეოდის შემდეგ გამოჩნდა. ამ უკანასკნელს საფინალო რბოლაში არ გაუმართლა, მე-3 კარიბჭესთან პილონი ჩამოაგდო, მე-8 კარიბჭე კი არასწორად დაძლია და ნაჩვენებ დროს 5 წამიანი ჯარიმა დაუმატეს-1.04.028.

მუროია, რომელმაც მანამდე ლე ვოტი დაამარცხა, ტრასაზე მეორე გამოჩნდა, მაგრამ თანამემამულე გულშემატკივრების თვალწინ, მშვიდად, სუფთად და დაკვირვებით იფრინა. მან საფინიშო Hamilton Gate 58.636 წამში გადაკვეთა.

ამერიკელი მფრინავი, კერბი ჩემბლისი, რომელმაც Round 8-ში კორსიკელი ნიკოლა ივანოფი დაამარცხა, ტრასაზე მესამე გამოჩნდა და კარგად იასპარეზა-59.601. ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რბოლა მას მეორე ადგილზე დაესრულებინა.

ტრასაზე მხოლოდ ჰოლი დარჩა გამოსასვლელი. ავსტრალიელმა პილოტმა იცოდა, რომ მესამე ან რომელიმე ზედა ადგილი, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის საკმარისი იქნებოდა. მან ყველაფერი გააკეთა საბოლოო წარმატების მოსაპოვებლად, თუმცა სირთულეები შეხვდა. მთელი დისტანციის მანძილზე, ჰოლის დრო წითელ ზოლში იმყოფებოდა და ჩანდა, რომ რბოლას ვერ მოიგებდა. სამაგიეროდ, რბილად, კონცენტრირებულად, სუფთად იფრინა და იცოდა, რომ მხოლოდ მაკლეოდი უნდა დაემარცხებინა, უძლიერესის სახელის მოსახვეჭად და ასეც მოხდა.

ამ შედეგით მუროია ბრიტანელ პოლ ბონომს შეუერთდა, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ზედიზედ სამჯერ ჰქონდა საჰაერო რბოლა მოგებული. ჰოლი კი იმ ხალხის პატარა სიაში ჩაეწერა, რომლებიც საკუთარ თავს Red Bull Air Race-ის მსოფლიო ჩემპიონებს უწოდებენ.

სეზონის არაჩვეულებრივი ფინალის შემდეგ პილოტები ემოციურად საუბრობდნენ.

რა რბოლა, რა სეზონი და რა სამოტორო სპორტი იყო! Red Bull Air Race-ის კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა. იაპონიაში, ჩიბას ტრასაზე ფანტასტიური რბოლა ჩატარდა. გთავაზობთ, პილოტთა სიტყვებს დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ.

იოშიჰიდე მუროია, პირველი: ,,რბოლა მოვიგე და საუკეთესოდ ვიასპარეზე, ასე, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ. წელს ასეთი დონის პაექრობა გვქონდა და მეთმა ერთი ქულით გამასწრო. ჩვენ დიდი ხნის მეტოქეები ვართ. მიხარია მისი წარმატება. ახლა, ჩემი გულშემატკივრების თვალწინ, ზედიზედ სამჯერ მოვიგე. სანამ საფინიშო ხაზს გადავკვეთდი, დავინახე ისინი. პირველად შევამჩნიე ასეთი სურათი და ამან ენერგია მომმატა. სწორედ ამიტომ მოვიგე, მაგრამ მაინც უსწრაფესი დამარცხებული ვარ“.

კერბი ჩემბლისი, მეორე: ,,კვალიფიკაციის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ პოდიუმზე ასვლაც კი გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ადრეც ყოფილა ამგვარი შემთხვევა და შემდეგში გავსულვართ. ყველაფერი გავაკეთეთ. აქ საოცარი გულშემატკივრობა იციან. სასტუმროსთან გელოდებიან და საჩუქრებს გაწვდიან. ენთუზიაზმი გემატება. პირველი ადგილი კარგი იქნებოდა, მაგრამ იოშიმ გვაჯობა“.

მეთ ჰოლი, მესამე: ,,შვებით ამოვისუნთქეთ. ძალიან ვღელავდი, რომ ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული მეჯვარე ვიქნებოდი და ბოლოსდაბოლოს შვებით ამოვისუნთქე. სამწუხარო იყო, რომ ამდენ ხანს ვერ მოვახერხეთ ეს. დღეს ძალიან დიდ ზეწოლას ვგრძნობდით. საჩემპიონო რბოლაში ადრე ოთხჯერ მოვხვდი, მაგრამ ამჯერად უფრო დაძაბული ვიყავი, რადგან ეს ბოლო შანსი იყო. სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და კამერების წინ ვცდილობდი თავი არ შემერცხვინა. ურთულესი სარბოლო უქმეები იყო. ემოციურადაც მძიმე დღე იყო. ვცდილობდი ზემოდან გამემხნევებინა ჯგუფი, რომელთან ერთადაც უკვე მერამდენე ჩემპიონატს ვატარებ. პოდიუმზე ხუთჯერ ასვლა, მაგრამ ჩემპიონობის გარეშე სახლში წასვლა დიდხანს დაგამახსოვრდებოდა. ახლა კი სბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვარ“.

წლევანდელ სეზონში საჰაერო რბოლებში შვიდი ეტაპი უნდა გამართულიყო, მაგრამ Red Bull-მა, რომელიც Air Race-ის სატიტულო სპონსორი და მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორია, კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ეტაპებზე მაყურებელთა რიცხვი კლებულობს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი 4 ეტაპამდე შემცირდა და იაპონიაში რბოლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. რა ბედი ეწევა ამ საინტერესო ჩემპიონატს, არავინ იცის. შეიძლება, სულაც, ისტორიას ჩაბარდეს და ეს ძალიან სამწუხარო იქნება. არაერთი საჰაერო სპექტაკლი გვინახავს ჩვენ პირდაპირ ეთერში.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button