მეცნიერება

ლუგარის ლაბორატორია: მითი თუ რეალობა?

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი საქართველოში აშშ-ს მხარდაჭერით 2011 წელს გაიხსნა, ხოლო 2013 წლიდან იგი უკვე მთლიანად ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.

რას იკვლევს რეალურად ლუგარის ლაბორატორია?

ლუგარის ლაბორატორია გახლავთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვლევითი ცენტრი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებას ემსახურება. აქ ხდება დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენა (ადამიანებსა და ცხოველებში), საფუძვლიანად შესწავლა და ეპიდემიასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება. ასევე, ბიოლოგიური კატასტროფების საფრთხის შემცირება – რითაც წვლილი შეაქვს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო უსაფრთხოებაში. ლაბორატორიაში მოწმდება სურსათის უვნებლობაც. რაც მთავარია, კვლევითი ცენტრის შესაძლებლობებს აქტიურად იყენებენ უნივერსიტეტები სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, განსაკუთრებით მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მოსამზადებლად.

რუსული დეზინფორმაცია

ლაბორატორიის გახსნის დღიდან ამოქმედდა კრემლის პროპაგანდისტული მანქანა. რუსებმა მაშინვე დაიწყეს მცდარი ინფორმაციების მიზანმიმართული გავრცელება, რომ თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელები მასიური განადგურების ბიოლოგიურ იარაღს ქმნიდნენ (მწერების დივერსიული მიზნით გამოყენება, მომაკვდინებელი ვირუსების გავრცელება და ა.შ). ამას ამბობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც, თუმცა 2018 წლის 12 აპრილს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ლუგარის ლაბორატორია დაუკავშირა ბრიტანეთში მოწამლული რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის საქმესაც, რის შემდეგაც მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საქართველოში რუსეთმა დაიწყო მასიურად ინფორმაციების გავრცელება, რომელთა მიზანიც ლუგარის ლაბორატორიაზე მითების შექმნა გახლდათ. აბსურდული ბრალდებების საპასუხოდ ლუგარის ლაბორატორიამ კარი გაუღო როგორც ქართულ, ასევე უცხოურ მედიას. ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა BBC-მა ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებულ რუსულ დეზინფორმაციას. ასევე, რადიო თავისუფლებამ დეტალურად გამოიძია ლაბორატორიის საქმიანობა.

H1N1 ვირუსის გავრცელება

რუსული დეზინფორმაციების ტალღას საეჭვოდ დაემთხვა საქართველოში ე.წ ღორის გრიპის (H1N1 ვირუსის) გავრცელება. პრორუსული მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს H1N1 ვირუსი ლუგარის ლაბორატორიიდან გაავრცელეს ქართველი ხალხის დასახოცად, რომ თითქოს ეს ვირუსი მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული. არადა, 1) H1N1 ვირუსი მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი. 2) პირველად კი “ღორის გრიპი” საქართველოში 2009 წელს გამოვლინდა, მაშინ, როდესაც ლუგარის ლაბორატორია ჯერ კიდევ არ იყო აშენებული. 3) ყველაზე საინტერესო ისაა, რომ H1N1 ვირუსი პირველად სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში შეისწავლეს საფუძვლიანად და დაადგინეს მკურნალობის მეთოდები.
ვის უფრო აწყობს საქართველოში დეზინფორმაციის ფონზე H1N1 ვირუსის გავრცელება მგონი უკვე ნათელია…

H1N1 ვირუსის გავრცელების არეალი

ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის წინააღმდეგ

საქართველო სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების ფონზე (იტალია, აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი), მეტ-ნაკლებად წარმატებით უმკლავდება მსოფლიო პანდემიას. განსაკუთრებით, აღსანიშნავია, ეპიდემიის გავრცელების პირველი ეტაპი, რაც საქართველომ მინიმალური შემთხვევებითა და დანაკარგებით გადააგორა. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ლუგარის კვლევით ლაბორატორიას, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველაზე მნიშვნელოვანია ლაბორატორიის შესაძლებლობა ტესტირების სიზუსტესა და უსაფრთხოებაში. საქართველოს, ლუგარის ლაბორატორიის წყალობით, აქვს შესაძლებლობა კორონავირუსის ტესტები ე.წ ოქროს წესით ჩაატაროს, შესაბამისად, ცდომილების ალბათობა ძალიან დაბალია.

„ლაბორატორია საშუალებას გვაძლევს, რომ უმცირესი გენეტიკური განსხვავებები დავიჭიროთ მიკროორგანიზმებს შორის და განვასხვაოთ, ერთი და იგივე მიკრობი დასავლეთ საქართველოსია თუ აღმოსავლეთის“, – ამბობს პაატა იმნაძე, ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელი – „პირველი რისკი არის თანამშრომლის უსაფრთხოება, როცა ის მუშაობს საშიშ მიკრობებთან. ჩვენი დაცვა არის მესამე დონის. ეს საშუალებას გვაძლევს, ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ვიმუშაოთ. ყველაფერზე, რაც მსოფლიოში იქნება, დიაგნოსტიკა გავაკეთოთ“.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button