მეცნიერება

ამოიცანი ფსიქოპათი

თქვენ ბევრად უფრო მეტი საერთო გაქვთ ფსიქოპათებთან, ვიდრე საერთოდ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

ფსიქოპათი. თავში წარმოგიდგებათ ცივსისხლიანი მკვლელის, ან ბოროტი, ჭკვიანი და უგულო ეგოისტის სურათი, არა? ტედ ბანდი, რომელიც 1970-იან წლებში ქალებს იტაცებდა, კლავდა, ხოლო შემდეგ კი მათ გახრწნად გვამებთან სექსით კავდებოდა. ჰანიბალ ლექტერი ფილმ „კრავთა დუმილიდან“ (1991), რომელიც უსხლტებოდა ნებისმიერ პატიმრობას და საბოლოო ჯამში, შეჭამა ადამიანები, რომლებიც ეზიზღებოდა. პოპ-კულტურაში ფსიქოპათები ბოროტების გამოვლინებას წარმოადგენენ. თუმცა, მკვლევართა სულ უფრო და უფრო მზარდი რიცხვისთვის ეს ადამიანები არიან ავადმყოფები და არა ბოროტები, წარმოადგენენ რა საკუთარი არანორმალური გონების მსხვერპლს. აბა, რა გამოდის, ვინ არიან ფსიქოპათები და რა სჭირს ამ ხალხს?

კანადელი კრიმინალისტი ფსიქოლოგის, რობერტ ჰეირის მიერ 1970-იან წლებში შემუშავებული ჰეირის ფსიქოპათიის კატალოგის თანახმად, რომელიც დღემდე აქტიურად გამოიყენება დიაგნოზის პროცესში, ფსიქოპათები არიან მკვირცხლები, ახასიათებთ ეგოიზმი და უპასუხისმგებლობა; უჭირთ ემოციების მოთოკვა, ადრეული ასაკიდანვე არიან ასოციალურნი და არ შეუძლიათ თანაგრძნობის, დანაშაულის გრძნობის და სინდისის ქეჯნის განცდა. ფსიქოპათები იპარავენ, იტყუებიან, თაღლითობენ, არ სცემენ პატივს სხვა ადამიანებს, სოციალურ ნორმებს და კანონებს. ზოგიერთ შემთხვევაში, აწამებენ დაუცველ ცხოველებს, თავს ესხმიან სხვა ბავშვებს ან სულაც ცდილბოენ მოკლან და-ძმა ან მშობლები. ამ საქმიანობის გამოაშკარავების შემთხვევაში, არ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ადანაშაულებენ სხვებს, აღზრდის პროცესში დაშვებულ შეცდომებს ან „სისტემას“. ახლანდელი გამოთვლების თანახმად, შეერთებულ შტატებში მცხოვრები მამაკაცი ფსიქოპათების 90 პროცენტი ამა თუ იმ ფორმით შეხებაშია კრიმინალურ სამართალწარმოებასთან. ეს ციფრები განმაცვიფრებელია, განსაკუთრებით კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფსიქოპათები, სხვადასხვა შეფასებით, წარმოადგენენ მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტს. კრიმინალთან ასეთი ახლო კავშირის გამო, ფსიქოპათიას სახელი ჰქონდა გათქმული არა სხვანაირად, ვიდრე „მორალური სიგიჟე“.

ამგვარი დამოკიდებულება ფსიქოპათიისადმი დომინირებდა როგორც დილეტანტების, ასევე პროფესიონალთა წრეში. ეს ერთდროულად სენსაციური და იმედისმომგვრელია. ფსიქოპათები არიან შეურაცხადი ავადმყოფები ყველანაირი მორალისა თუ სინდის-ნამუსის გარეშე. სხვა სიტყვებით, ისინი არ გგვანან შენ ან მე. მაგრამ ეს არაა სიმარზთლე. არ არსებობს რაღაც გრძნობა, რომელიც ყველა ფსიქოპათს არ გააჩნია, არსებობს მხოლოდ ამ გრძნობები დეფიციტი, რომელიც ხშირად არც თუ ისე დიდია. მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, კარგი ცუდისგან გაარჩიონ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობა გამოავლინონ. მათ უფრო სხვა პრობლემები აქვთ: ზედმეტად ძლიერი კონცეტრაცია მიზნის მიღწევაზე, უშიშრობა და ეგოიზმი. უფრო მეტიც – შესაძლოა, „მათი“ და „ჩვენი“ რეაქცია ბევრად უფრო გავდეს ერთმანეთს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ფსიქოპათების მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია, თანაგრძნობა სხვადასხვა „დოზით“ გამოვავლინოთ; მიუხედავად მთელი იმ ქება-დიდებისა, რომლითაც ემპათიას ვამკობთ, უფრო ყურადღებიანი დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ის უფრო ახლოსაა თვითგადარჩენის ინსტინქტთან, ვიდრე „ძმური სიყვარულის“ გრძნობასთან.

გამოდის, რომ ფსიქოპათები, სხვა ყველაფერთან ერთად, სინათლეს ჰფენენ ჭეშმარიტებას ადამიანურ მორალზე. ვართ კი ჩვენ მზად მივიღოთ ის, რასაც ისინი გვასწავლიან?

როცა განიხილავენ, თუ მაინც რა სჭირთ ფსიქოპათებს, მკვლევარები ხშირ შემთხვევაში უპირისპირებენ ორ მორალურ თეორიას. პირველი მიდგომა, ცნობილი რაციონალიზმის სახელით, ქადაგებს, რომ თუ რა არის კარგი და რა ცუდი, უნდა განსაჯოს გონებამ და არა გრძნობამ. ზოგიერთი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ ფსიქოპათია გვაჩვენებს, რატომაა მცდარი რაციონალიზმი. ისინი ზუსტად ისეთივე ჭკვიანი ხალხია, როგორც მე და თქვენ – საერთოდ, ისინი გონებრივ ბრძოლაში გვიგებენ და ზუსტად ამიტომ აქვთ განთქმული სახელი, როგორც მატყუარებს და თაღლითებს. მათ აქვთ გონება და შეიძლება რაციონალური ადამიანი ეწოდოთ, მაგრამ მაინც შეუძლიათ ჩაიდინონ არადამიანური საქციელი, რასაც მივყავართ დაკსვნამდე, რომ მორალურ ნორმებს მხოლოდ გონება ვერ განსაზღვრავს.

თუმცა, რაღაც აქ მთლად სწორი არ არის. თუ ფსიქოპათები ასეთი ჭკვიანები არიან, რატომაა მათი 90 პროცენტი კრიმინალური სამართალწარმოების სისტემაში? რობერტ ჰეირი თავის წიგნში „Without conscience“ (1993; ქართ. „გონების გარეშე“) რომელიც ფსიქოპათებს და მათი პიროვნების კვლევას დაუთმო, აღწერს ადამიანს, რომელმაც მის ფსიქოპათიის ტესტში საკმაოდ მაღალი ქულა აიღო. თურმე, ეს კაცი წვეულებაზე მიემართებოდა, როცა გადაეწყვიტა, ლუდი დაელია. თუმცა, საფულე სახლში დარჩენია და საბოლოო ჯამში, უახლოესი ბენზინგასამართი სადგური გაუძარცვავს, ხოლო იქაური პერსონალისთვის ხის მძიმე და დიდი ტოტით სერიოზული ტრამვა მიუყენებია.

ასე რომ, ფსიქოპათებს აზროვნება ძალიან კარგად შეუძლიათ და ამ მიმართებაში სულაც არ არიან ირაციონალურნი, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ირაციონალურად არ მოქმედებენ. ფსიქოპათები ებრძვიან იმას, რასაც ფილოსოფსები „ქმედებათა მიზეზებს“ უწოდებენ: აზრებს, რომელიც ქმედებისკენ გვიბიძგებენ – დავუშვათ, რამხელაა ალბათობა იმის, რომ ჩვენი სურვილების ასრულების შემთხვევაში სხვას არ შევუშლით ხელს. მართალია, მაღაზიის კონსულტანტის ცემა შეიძლება ემსახურებოდეს ლუდის დალევის სურვილს, მაგრამ მან ვერ უნდა გადაფაროს თავისუფლად დარჩენის და ციხის თავიდან არიდების სურვილი. ფსიქოპათები, როგორც ჩანს, პრობლემებს განიცდიან სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინების პროცესში და ცუდ გადაწყვეტილებებს ამიტომ იღებენ, ხოლო მათ ქმედებებს ხშირ შემთხვევაში სულელური და უაზრო მიზეზ-სურვილები განაპირობებს.

ფსიქოლოგიური მონაცემები ადასტურებს, რომ ფსიქოპათებს აქვთ გარკვეული პრობლემები აზროვნების პროცესში, რაც თავისთავად აისახება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ ისინი. ჩვეულებრივ, ისინი ილტვიან მხოლოდ ერთი, კონკრეტული მიზნის მიღწევისკენ (რა მიზანიც არ უნდა იყოს) და არადა აგდებენ კონტექსტს, ხოლო როცა კონტექსტს მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ ამოცანას თავს ძალიან კარგად ართმევენ. სხვა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქოპათებს უჭირთ ახალ მოცემულობებთან შეგუება: როცა მოქმედებები, რომლებიც ადრე ისჯებოდა, ახლა ჯილდოვდება, ფსიქოპათები ადაპტაციის პრობლემებს განიცდიან. ჰეირმა თავის კოლეგასთან, ჯეფრი ჯუთაისთან ერთად აღმოაჩინა, რომ თუ ფსიქოპათებს ლაბირინთიდან გასვლას სთხოვთ, ის ყოველთვის ერთგული იქნება თავისი თავდაპირველი ტაქტიკის, მიუხედავად ტკივილისა, რომელსაც შეცდომის დაშვების შემდეგ ელექტროშოკი იწვევდა. მათგან განსხვავებით, ადამიანთა უმრავლესობა სხვა გზის პოვნას ცდილბოს, ფსიქოპათები კი ასე, როგორც აღვნიშნე, არ აკეთებენ. ფსიქოპათების ასეთი უგრძნობელობა ვრცელდება სხვადასხვა სოციალურ საფრთხეზე, მაგალითად, ბრაზიან სახეებზეც.

ეს ყველაფერი ადასტურებს რაციონალისტთა თეორიას, რომ ფსიქოპათური ამორალურობა განპირობებულია აზროვნებაში არსებული პრობლემებით. თუმცა, შემჩნეული გექნებათ, რომ ფსიქოპათები არ განიცდიან შიშს მაშინ, როცა ჩვეულებრივი ადამიანები ადრენალინის უდიდეს დოზას იღებენ. როგორც ვიცი, შიში ემოციაა. ამგვარად, უკან ვუბრუნდებით იმ ადამიანთა ბანაკს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეთიკა ემოციის (და არა გონების) გარშემო ბრუნავს. ჩვეულებრივ, ამ ბანაკში ყურადღებას ემპათიაზე ამახვილებენ.

„თუ გასაგებად აუხსნით როგორ, ფსიქოპათებსაც შეუძლიათ ემპათიის გამოვლენა“

ემპათიისადმი სკეპტიკურად განწყობილ რამდენიმე მოღვაწეს (მაგალითად, ფსიქოლოგი პოლ ბლუმი იელის უნივერსიტეტიდან ან ფილოსოფოსი ჯესი პრინცი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან) თუ არ ჩავთვლით, თეორეტიკოსთა და მკვლევართა საზოგადოებაში იგი ნამდვილად დიდადაა დაფასებული. ნაწილობრივ, ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ ემპათია ბრწყინვალედ ეწყობა მეორე მორალურ თეორიას, ცნობილს სენტიმენტალიზმის სახელით. დაწყებული მე-18 საუკუნის ფილოსოფოსებით, დეივიდ ჰიუმითა და ადამ სმიტით, სენტიმენტალისტებს სწამთ, რომ ცუდისა და კარგის გარჩევა მიბმულია სხვების გრძნობების განცდასთან. ჩვენ სხვებთან ერთად ვიტანჯებით, მაგრამ სხვების ტანჯვა ზოგჯერ უაზროდ ან უადგილოდ მიგვაჩნია. ემპათიური გრძნობების წყალობით, გვადარდებს, თუ რა სჭირთ სხვა ადამიანებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ჩვენზე რომელიმე კონკრეტულ სიტუაციას პირდაპირი გავლენა.

ერთ-ერთი საუკეთესო ემპირიული წყარო ამგვარი მტკიცებისთვის არის ემპათიასთან დაკავშირებული სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევა. ფსიქოლოგები, რომლებიც საკითხზე მუშაობენ, კერძოდ კი მარტინ ჰოფმანი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან და ნენსი აიზენბერგი არიზონას შტატის უნივერსიტეტიდან მიიჩნევენ, რომ იგი [ემპათია] თამაშობს ცენტრალურ როლს სოციალურ-მორალური ნორმების ჩამოყალიბებაში. დენ ბეთსონის აზრით, ემპათია არის გულთბილი, შეწმყნარებელი და კაცთმოყვარე გრძნობა სხვა, დახმარების საჭიროების მქონე ადამიანთა მიმართ, რასაც საბოლოო ჯამში ჭეშმარიტ ალტრუისტული ქცევისკენ მივყავართ. ემპათიის გამოვლინების გამო, ჩვენ სხვებს კარგად ვექცევით და ზუსტად ემპათიაა საძირკველი სხვებისდამი მორალური პატივისცემის. ფსიქოპათები ამ ნააზრევს ამყარებენ და როგორც ჩანს, არც მორალი აქვთ და არც ემპათიით იწუხებენ თავს.

მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ფსიქოპათები ძალიან კარგად აბარებენ „ტესტს“ ემპათიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ტესტები ჩვეულებრივ თვითანგარიშზეა მიბმული, ხოლო ფსიქოპათები გაწაფული მატყუარები არიან, ასეთი შედეგი მთლად გასაკვირი არაა. მაგრამ ფსიქოპათები აგრეთვე დებენ დამაინტრიგებელ შედეგებს ტვინური და ფსიქოლოგიური რეაქციების შესწავლის ექსპერიმენტებში. კანის გამტარობა, მაგალითად, აჩვენებს, თუ რამდენად კარგად ატარებს თქვენი კანი ელექტროენერგიას; ეს არის საკმაოდ კარგი ინდიკატორი თქვენი ემოციური მდგომარეობის, რადგანაც როცა სტრესის, შიშის ან სიბრაზის საპასუხოდ ოფლიანდებით, თქვენი კანი უმალვე უკეთესად ატარებს ელექტროენერგიას. როგორც მოსალოდნელი იყო, ფსიქოპათები გასაჭირში მყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში ნაკლებ გამტარობას აჩვენებენ, ვიდრე არა-ფსიქოპათები. სხვა ტესტები რეფლექსებს იკვლევს: თუკი ვინმეს აჩვენებთ ფოტოებს, სადაც მათთვის საშიში ან საფრთხის შემცველი რამ არის აღბეჭდილი, ისინი უფრო მარტივად შეკრთებიან შიშისგან უცაბედი ხმაურის შემთხვევაში. ფსიქოპათებს ასეთ ტესტებში ნორმალური რეაქცია აქვთ პირდაპირ საფრთხეზე: მაგალითად, ზვიგენის კბილების ან გველის დანახვისას, თუმცა იგივე არ ვრცელდება სოციალურ საფრთხეებზე, მაგალითად, ტანვჯისა და ტკივილის ქვეშ მყოფი ადამიანების დანხვაზე. ჩვეულებრივ ადამიანებს რეაქცია ორივე შემთხვევაში აქვთ.

ნეირომეცნიერებმა აგრეთვე შეისწავლეს ფსიქოპათთა ემპათიური შესაძლებლობები. ჩვეუბრივ კვლევებში, რომლებშიც ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (ინგლ. Functional magnetic resonance imaging) იყენებენ, ემპათიაზე პასუხისმგებელი ტვინის უჯრედები არ აქტიურდება ფსიქოპათთა შემთხვევაში ზუსტად ისე, როგორც სხვა სუბიექტების შემთხვევაში. მაგრამ, როდესაც ნეირობიოლოგმა ჰარმა მეფერთმა და მისმა კოლეგებმა გრონინგენის უნივერსიტეტიდან გასაგებად აუხსნეს მათ, „შეეგრძნოთ“ ხელი, რომელსაც ეფერებიან, მერე კი გვერდზე მიაქვთ, აღმოჩნდა, რომ ფსიქოპათებს შეუძლიათ, ნორმალური რეაქცია გამოავლინონ. სხვა სიტყვებით, თუ გასაგებად აუხსნით როგორ, ფსიქოპათებსაც შეუძლიათ ემპათიის გამოვლენა.

ნეირომეცნიერმა ჯინ დისეთიმ და მისმა კოლეგებმა ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან დაახლოებით მსგავსი შედეგი მიიღეს. მათ ფსიქოპათებს აჩვენეს კიდურების ფოტოები მტკივნეულ სიტუაციებში, მაგალითად, მანქანის კარებში მოყოლის შემთხვევაში და სთხოვეს, „წარმოედგინათ, რომ ასეთი რამ თავად დაემართათ“ და „წარმოედგინათ, რომ ასეთი რამ დაემართა ვინმე სხვას“. როცა ფსიქოპათებმა წარმოიდგინეს, რომ ისინი აღმოჩნდნენ ტკივილის მომტან სიტუაცაიში, გამოავლინეს ტვინის ტიპური ემპათიური რეაქციის მსგავსი რამ, მაგრამ როცა წარმოიდგინეს, რომ ამავე სიტუაციაში ვინმე სხვა აღმოჩნდა, ემპათიაზე პასუხისმგებელი ტვინის უჯრედები არ გააქტიურდნენ.

თუ ფსიქოპათებს ემპათიის დეფიციტი აქვთ, საკმაოდ დამაბნეველი სიტუაცია წარმოიქმნება. ტვინის აქტივობის გაზომვის სხვა ხერხი ამ სიტუაციას შუქს ჰფენს. ელექტროენცეფალოგრამა (ინგლ. Electroencephalograms, EEGS), რომელიც ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისგან ტვინის აქტივობას დროის გარკვეული მონაკვეთის (და არა კონკრეტული მომენტის) განმავლობაში ზომავს. ელექტროენცეფალოგრამით შესწავლის შედეგები ერთობ საინტერესოა: აღმოჩნდა, რომ მათი ტვინის აქტივობა ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დანახვისას დაზიანებული სულაც არაა. ფსიქოლოგები ამას „საორიენტაციო რეაქციას“ უწოდებენ, რომლის დროსაც ყურადღებას ანიჭებთ მაპროვოცირებელ ფაქტორს – ამ შემთხვევაში, გასაჭირში მყოფ ადამიანს. ეს რეაქცია მჭიდროდაა კავშირში თანამგრძნობ ნერვულ სისტემასთან, რომელიც თავდაცვით რეაქციას ავლენს. პირველადი რეაქცია ინსტინქტურია და ერთია როგორც ფსიქოპათთა, აგრეთვე არაფსიქოპათთა შემთხვევაში. განსხვავდება მხოლოდ შემდგომი სტადიები: ფსიქოპათთა შემთხვევაში, იმის მაგივრად, რომ ეს რეაქცია გაძლიერდეს, ხოლო ყურადღების ფოკუსირება კიდევ უფრო მოხდეს გასაჭირჭში მყოფზე, იგი სუსტდება და ნელ-ნელა ჩაკვდომას იწყებს. რატომ?

ემპათიასთან დაკავშირებული სხვა კვლევები მინიშნებებს გვაძლევენ. აღმოჩნდა, რომ ექიმებს ფსიქოპათების მსგავსი რეაქცია აქვთ, როცა ადამიანს ნემსს უკეთებენ. რადგანაც ექიმებს ბრწყინვალედ შეუძლიათ ემპათიის გამოვლენა, როცა კი ამის საჭიროება არსებობს, ითვლება, რომ შესუსტებული რეაქცია უნდა მივაწეროთ ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების კოგნიტური კონტროლის უნარს. რადგანაც ექიმებს უწევთ აკეთონ ის, რაც პაციენტებისთვის უსიამოვნო ან სულაც მტკივნეულია, ამ პროცესს ეჩვევიან და თავიანთ ნორმალურ, ემპათიურ რეაქციას ახშობენ.

ამგვარი ახსნა ეწყობა იმ ცოდნას, რომელიც ემპათიისა და ჯილდოს ურთიერთმიმართებაზე გვაქვს: კვლევები გვაჩვენებს, რომ კაცები უკეთესად იგებენ, თუ რას ფიქრობენ და გრძნობენ სხვები იმ შემთხვევაში, თუ ამაში რაიმე ჯილდოს იღებენ, მაშინ როცა ქალებისთვის ზოგადად ამის გაგებაც საკმარისი ჯილდოა. რთული გენდერული საკითხები გვერდზე გადავდოთ და დასკვნა გავაკეთოთ: ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი ემპათიის მოდიფიცირება გამომდინარე სასჯელიდან, შეჩვევიდან თუ ჯილდოდან. შეიძლება, ფსიქოპათთა და მათი ემპათიის შემთხვევაშიც ასე უნდა ვიფიქროთ: ისინი მას ახშობენ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ბუნებრივად არ შეუძლიათ, სხვების მიმართ ემპათია გამოავლინონ.

ამ ყველაფრის შემდეგ, გვიწევს, სხვა თვალით შევხედოთ ფსიქოპათიას, ემპათიას და უკანასკნელის როლს მორალში. უპირველეს ყოვლისა, შეცდომაა ვიფიქროთ, რომ ფსიქოპათების პრობლემა ზოგიერთი შესაძლებლობების ნაკლებობაშია. მათ ძალიან კარგად შეუძლიათ გაიგონ, რა არის მიზანი ან მიღწევა და არც ემპათიის თუ სხვა გრძნობის განცდა უჭირთ. კი, შეიძლება ითქვას, რომ მათ ზოგიერთი შესაძლებლობების დეფიციტი აქვთ, მაგრამ ჩვეულებრივ ეს დეფიციტი საკმაოდ მცირე და კონტექსტზე დამოკიდებულია.

ზუსტად ასე, ემპათიის ფრონტზე, ფსიქოპათები არ არიან აუტსაიდერები – პირიქით, ბევრი ადამიანი აღწერს მათ, როგორც ძალიან მომხიბვლელ და ქარიზმატულ პიროვნებას. ჰეირი, ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი ამ დარგში, თავის წიგნში „გონების გარეშე“ (ინგლ. Without a Conscience) აღწერს, თუ როგორ გააუცურა იგი ფსიქოპათმა. ამ ფსიქოპათმა ჰეირი კონფერენციაზე გამოსასვლელად მიიწვია და დაჰპირდა, რომ მგზავრობის ხარჯს დაფარავდა და ჰონორარსაც გადაიხდიდა. ჰეირმა ერთი ცენტიც ვერ მიიღო. კონფერენციაზე იგი ამ ადამიანს სასიამოვნოდ ესაუბრა კიდეც, მაგრამ მაინც ვერაფერი შეამჩნია. ამ ყველაფრის აზრი იმაშია, რომ ფსიქოპათებს შეუძლიათ ექსპერტების გაცურება და გააკეთებინებენ სხვებს ისეთ რამეს, რასაც ეს სხვები სხვა შემთხვევაში არ იზავდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ისინი ვერ იქნებიან უემოციო რობოტები. ამ მანიპულაციებს იმით ხსნიან, რომ ფსიქოპათები ემოციებს კარგად აყალბებენ; მაგრამ მეორე ახსნა, უფრო რეალისტური, გვეუბნება, რომ ემპათიის გაყალბება რეალურად შეუძლებელია და ფსიქოპათები უბრალოდ კარგები არიან ემპათიის გამორთვა-ჩართვაში.

„ფსიქოპათია ვარაუდობს, რომ მორალურობის მნიშვნელოვანი ნაწილი მდგომარეობს ჩვენს მიდრეკილებაში, ვიტანჯებოდეთ“

რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ფსიქოპათთა პრობლემებს არის ის, რომ ისინი სულ უფრო და უფრო ემგვანებიან ჩვეულებრივ ადამიანებს. სცადეთ, გასაჭირში მყფი ადამიანის მიმართ ემპათია განიცადოთ. ჩვეულებრივი ადამიანი ძალიან ცდილობს, ამ ემოციას თავი აარიდოს – არ გახედოს ქუჩაში შეხვედრილ მათხოვარს ან გადართოს სხვა არხზე, თუ ტელევიზორიდან მომხდარ კონფლიქტზე ან კატასტროფაზე იუწყებიან. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, სწორია საკუთარი თავი სხვისი ტკივილის გამო განცდილი საკუთარი ტკივილისგან დავიცვათ. რაც არ უნდა ვქნათ, ყველა ტანჯულის ბედს მაინც ვერ შევცვლით. მაგრამ, ბევრი ჩვენგანი ამ საქმეში ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა თუ ცვლილებების განხორციელებს უკეთ შევეცდებოდით. რა შემიძლია პირადად მე სირიის კრიზისს მოვუხერხო? ალბათ უფრო მეტი, ვიდრე რასაც ახლა ვაკეთებ. ბევრი ჩვენგანი თავს იკავებს სხვების დახმარებისგან არა იმიტომ, რომ არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ საჭირო დროისა და რესურსების დახარჯვა არ სურს. გამოდის, რომ ფსიქოპათები შეიძლება სულაც არ იყვნენ აბერანტულები სხვების დახმარების საქმეში. უბრალოდ, ისინი არიან ბოლო იმ სპექტრისა, რომელზეც ჩვენი უმრავლესობა „ბინადრობს“.

ფსიქოპათთა ემპათიის კვლევის მეორე დიდი შედეგი გახლავთ ის, რომ გვიწევს სრულიად სხვანაირად შევხედოთ თავად ემპათიას. ემპათიის პრობლემა, რომელზეც ფსიქოლოგთა უმრავლესობა ლაპარაკობს, მდგომარეობს იმაში, რომ გასაჭირში მყოფთა ყურებისას განცდილი ნეგატიური რეაქცია ფსიქოპათებს თურმე აკლიათ ან სულაც არ აქვთ. ეს ნეგატიური რეაქცია შეიძლება იყოს „პირადი ტანჯვა“ – ცუდი გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია აღვწეროთ სიტყვებით „მგლოვიარე“, „შეშფოთებული“, „შეწუხებული“, „გაბრაზებული“. ეს რეაქცია არის დაცვითი პასუხი სხვების შიშისა თუ ტკივილის წინააღმდეგ – იმ შიშისა და ტკივილის, რომელიც, გინდ სხვისი იყოს, მაინც ჩვენივით განვიცდით და როცა კი შეგვიძლია, მის თავიდან აცილებას ვცდილობთ. არაერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ პირადი განცდები მორალს ეწინააღმდეგება. რატომ? იმიტომ რომ გვიბიძგებს, თავი არადით გასაჭირში მყოფ ადამიანს. ამ საკითხს თუ თავიდან ბოლომდე „დავატრიალებთ“, აღმოვაჩენთ, რომ ფსიქოპათია მიგვანიშნებს აზრზე, რომ მორალის მნიშვნელოვანი ნაწილი მდგომარეობს ჩვენს მიდრეკილებაში პირად ტანჯვისადმი. ჩვენ არ გვსურს სხვებს მივაყენოთ ზიანი იმიტომ, რომ სხვისი ტკივილი და ტანჯვა კვლავ ჩვენშივე აღძრავს იგივე გრძნობებს.

ფსიქოპათთა რეაქცია გასაჭირში მყოფ ადამიანებზე ცხადყოფს, რომ რაც ჩვენ მორალად მიგვაჩნია, დაფუძნებულია არა პოზიტიურ, პროსოციალურ, არამედ აგრეთვე ნეგატიურ, სტრესულ და ეგოისტურ ემოციებზე. ის არ ყოფილა ემპათიის სასიამოვნო ვერსია, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პრიმიტიული, დაცვითი რეაქცია, რომელსაც ცოტა თუ აქვს საერთო ჰუმანურობასთან და სხვებზე ზრუნვის ლტოლვასთან.

მაგრამ, განა რამე უფრო „აშიშვლებს“ ჩვენს ჰუმანურობას, ვიდრე ის ფაქტი, რომ მე პირადად ვიტანჯები თქვენი გასაჭირით? განა შეუძლია რამეს ამაზე მეტად შემაგრძნობინოს თქვენი ტანჯვის მნიშვნელობა? კი ბატონო, შეიძლება ემპათიური დისტრესის პირადი ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს იმის გაგებაში, რომ თქვენთვის ზიანის მოყენება ცუდია. ამაზე გაფიქრებაც კი მზარავს. შესაძლებელია, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მინდოდეს ჩავახშო სხვებისთვის ზიანის მიყენების სურვილი პირადი მოგებისთვის ვიდრე სხვების დახმარების სურვილი. კვლევები სოციალური ფსიქოლოგიის დარგში გვაჩვენებს, როგორ მივყავართ სხვების დახმარების სურვილს ეთიკის მნიშვნელოვანი ასპექტების იგნორირებისკენ. ფსიქოპათია პირად ტანჯვას აბრუნებს მორალის ფსიქოლოგიური საძირკველის გაგების ცენტრში.

ბოლო გაკვეთილი, რომელიც შეიძლება მივიღოთ, ეხება სენტიმენტალისტთა და რაციონალისტთა სისწორეს ფსიქოპათთა მორალური დეფიციტის ინტერპრეტაციაში. ფაქტები ორივე მათგანის პოზიციას ამყარებს. არჩევანის გაკეთება არ გვიწევს – საერთოდ, ეს სულელური ნაბიჯიც კი იქნებოდა. რაციონალისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფსიქოპათები ცუდად აზროვნებენ, ყურადღებას ამახვილებენ, რომ მათ სასჯელი ჩვენნაირად არ აშინებს. ამას დიდი შედეგები აქვს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რადგანაც შესაფერისი შიშის გარეშე ვერავინ ისწავლის შესაფერისი გადაწყვეტილებების მიღებას. სენტიმენტალისთა ბანაკში კი ემოციური პასუხები შიში და მღელვარება გახლავთ. მათი არქონა სავალალოდ მოქმედებს ჩვენს შესაძლებლობებზე, კარგი გადაწყვეტილებები მივიღოთ და ხელს უწყობს ფსიქოპათიურ ძალადობას.

შიში აქარწყლებს ემოციებსა და გონების შორის არსებულ ქვესკნელს. იგი ორმაგ როლს ასრულებს: ზღუდავს ჩვენს გადაწყვეტილებებს სხვისი ტანჯვის მნიშვნელობის გაცნობიერებითა და მოტივაციით, თავიდან ავიცილოთ კონკრეტული სიტუაციები და შედეგები. თუმცა, გაუგებარია, რამდენადაა მისაღები შიშის მნიშვნელობა მორალისტი ფილოსოფოსებისთვის. სხვისი ტკივილისდამი გამოვლენილი რეაქცია მწარე, უსიამოვნო და პირადულია. იგი ეწინააღმდეგება მორალს, როგორც თბილს, ექსპანსიურს და აუცილებლად სხვებისკენ მიმართულს. ფსიქოპათები გვაიძულებენ, „დავეჯახოთ“ პარადოქსს პირდაპირ ეთიკის გულში: ფაქტი, რომ მადარდებს, რა მოგივა შენ, დაფუძნებულია ფაქტზე, რომ მადარდებს, რა მომივა მე.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button