ავტოსპორტიფორმულა 1

ჰემილტონი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი გახდა, ბოტასმა ოსტინში გაიმარჯვა

მეხუთე ადგილიდან სტარტის შემდეგ, ლიუის ჰემილტონმა (Mercedes), აშშ-ის გრან პრის მთელი დისტანცია ერთი პიტ-სტოპით გაიარა, რისი წყალობითაც ფინიშთან მეორე ადგილზე მივიდა-ვალტერი ბოტასის ზურგსუკან და ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში მიუღწეველი გახდა. სებასტიან ფეტელი სეზონში პირველად გამოეთიშა რბოლას, Ferrari-ს საკიდარმა დატვირთვას ვერ გაუძლო და მწყობრიდან გამოვიდა.

ამჯერად ლიუისმა მეტოქეების ტაქტიკურად დაჯაბნა ვერ მოახერხა, მექსიკური რბოლის მსგავსად, მაგრამ ბრიტანელისთვის მეორე ადგილიც საკმარისი აღმოჩნდა, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. ახლა ლიუისს ექვსი ტიტული (2008, 2014, 2015, 2017, 2018, 2019 წ.წ.) აქვს ფორმულა 1-ში მოპოვებული, ლეგენდარულ არგენტინელს, ხუან მანუელ ფანხიოს გადაასწრო და ყველა დროის საუკეთესო ავტომრბოლელის წოდებისთვის ბრძოლაში, მიხაელ შუმახერს გამოედევნა.

Ferrari-ს ორივე ავტომრბოლელს მან ტრასაზე გაასწრო, რის შემდეგაც, ბოქსებში ერთხელ გაჩერებით, ფინიშთან მისვლა ცადა. მაგრამ ვალტერი ბოტასი (Mercedes) და მაქს ფერსტაპენი (Red Bull), რომლებმაც ორი პიტ-სტოპი გაიარეს, ბოლოს ჰემილტონს დაეწიენ. თუმცა, მისთვის გვერდის ავლა, მხოლოდ ფინელმა მოახერხა, რომელმაც, სეზონში მეოთხე გამარჯვებით, ვიცე-ჩემპიონობა გაინაღდა.

შარლ ლეკლერს (Ferrari), ამჯერად, პოდიუმისთვის საბრძოლველად, ტემპი, აშკარად, არ ჰქონდა. ის წუთზე მეტით ჩამორჩა. თუმცა მონეგასკმა უსწრაფესი წრე გაიარა. Ferrari-ს მეორე პილოტი, სებასტიან ფეტელი, რომელმაც სტარტი მეორე ადგილიდან აიღო, თავიდანვე პოზიციებს კარგავდა და მალე საკიდარის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით, რბოლა მიატოვა.

ალექს ელბონმა (Red Bull) სტარტი უღიმღამოდ აიღო და პირველ მოსახვევთან კარლოს საინსთან (McLaren) კონტაქტის შემდეგ, მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა, შემდეგ კი, ადრეული პიტ-სტოპის ხარჯზე, საერთოდაც, მე-20 ადგილზე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ტაილანდელი პილოტი სწრაფი იყო და შედეგად, ფინიშთან მეხუთე მივიდა.

დენიელ რიკიარდოს (Renault) და ლანდო ნორისის (McLaren) დაძაბული პაექრობა, ავსტრალიელის სასარგებლოდ დასრულდა-ყველაფერი წამის რამდენიმე მეათედმა გადაწყვიტა. ქულები მათ თანაგუნდელებმაც, კარლოს საინსმა და ნიკო ჰულკენბერგმა, მოიპოვეს.

დანიილ კვიატმა (Toro Rosso) მეათე ადგილი დაიკავა, როცა სერხიო პერესს (Racing Point) გაასწრო, თუმცა ამ პაექრობის დროს ავტომრბოლელები ერთმანეთს შეეჯახენ. მსაჯებმა ეს ინციდენტი განიხილეს, კვიატი დააჯარიმეს და მან მეათე ადგილი მექსიკელ მეტოქეს დაუთმო. თვითონ მე-12 ადგილზე აღმოჩნდა და წინ კიმი რაიკონენიც (Alfa Romeo) კი გაუშვა.

ფეტელის გარდა, რბოლა რობერტ კუბიცამაც (Williams) ვერ დაასრულა, ჰიდრავლიკის უწესრიგობის გამო და ქვაღორღიან „ხაფანგში“ მოქცეულმა კევინ მაგნუსენმაც (Haas). პიერ გასლი, ისევე, როგორც დანიელი პილოტი, საბოლოო კლასიფიკაციაში მოხვდა, მაგრამ საფინიშო ალმის თანხლებით არ გაუვლია. Toro Rosso-ს პილოტი, ბოლოს, ბოქსებში შევიდა და რბოლაში აღარ დაბრუნებულა.

რბოლის საბოლოო შედეგი:

1.ვალტერი ბოტასი (ფინეთი, Mercedes)-1.33.55.653

2.ლიუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი, Mercedes)-+04.148

3.მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, Aston Martin Red Bull-Honda)-+05.002

4.შარლ ლეკლერი (მონაკო, Ferrari)-+52.239

5.ალექს ელბონი (ტაილანდი, Aston Martin Red Bull-Honda)-+1.18.038

6.დენიელ რიკიარდო (ავსტრალია, Renault)-+1.30.366

7.ლანდო ნორისი (დიდი ბრიტანეთი, McLaren-Renault)-+1.30.764

8.კარლოს საინსი (ესპანეთი, McLaren-Renault)-1 წრე

9.ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, Renault)-1 წრე

10.სერხიო პერესი (მექსიკა, Racing Point-Mercedes)-1 წრე

პირადი ჩათვლა:

1.ლიუის ჰემილტონი-381

2.ვალტერი ბოტასი-314

3.შარლ ლეკლერი-249

4.მაქს ფერსტაპენი-235

5.სებასტიან ფეტელი-230

6.ალექს ელბონი-84

7.კარლოს საინსი-80

8.პიერ გასლი-77

9.დენიელ რიკიარდო-46

10.სერხიო პერესი-44

11.ლანდო ნორისი-41

12.ნიკო ჰულკენბერგი-37

13.დანიილ კვიატი-34

14.კიმი რაიკონენი-31

15.ლენს სთროლი-21

16.კევინ მაგნუსენი-20

17.რომენ გროჟანი-8

18.ანტონიო ჯოვინაცი-4

19.რობერტ კუბიცა-1

კონსტრუქტორთა თასი:

1.Mercedes-695

2.Ferrari-479

3.Red Bull-Honda-366

4.McLaren-Renault-121

5.Renault-83

6.Racing Point-Mercedes-65

7.Toro Rosso-Honda-64

8.Alfa Romeo-Ferrari-35

9.Haas-Ferrari-28

10.Williams-Mercedes-1

მსოფლიოს 2019 წლის  ჩემპიონატის მე-20 ეტაპი, ბრაზილიის გრან პრი, სან პაულუს „ინტერლაგუშზე“, 17 ნოემბერს გაიმართება. რადგან ჩემპიონატში პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გარკვეულია, ამიტომ, დარჩენილ ორ ეტაპზე ბრინჯაოს პრიზიორობისთვის პაექრობას, შარლ ლეკლერი, მაქს ფერსტაპენი და სებასტიან ფეტელი გამართავენ.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button