ლიტერატურა

„დამეხსენი, ჩრდილოელო“

რუსი დამპყრობლის სახე ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ მიხედვით

1832 წლის შეთქმულების გამოაშკარავებისა და შეთქმულთა დახვრეტა-გადასახლების შემდეგ ილიას დაბადებამდე ქართველ ხალხს ეძინა. ყველა შეგუებული იყო რუსთა ბატონობას, თავისუფლებაზე აღარავინ ფიქრობდა. საქართველოში თათქარიძეობას მოეკიდა ფეხი. ქვეყანაში ყოველივე ეროვნული მომსპარი, განადგურებული იყო. მხოლოდ ილიას ნაირი ერისკაცი თუ გააღვიძებდა და გადაარჩენდა საქართველოს, კაცი რომელიც დაინახავდა ყველა ქართველის უბედურებას და სარკეში ჩაახედებდა მათ. დიახ, ილია ჭავჭავაძემ დაინახა და შეეცადა ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრას, რომლის წინაშეც იდგა საქართველო.

„არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ კი – ტანჯვით ამოძახილი,
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!“

ილია ჭავჭავაძე

ასეთი სიტუაცია იყო საქართველოში, მთელს საქართველოს ეძინა, რაც ილიასთვის აღმაშფოთებელი იყო:

„ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!…“

სწორედ ერის გამოღვიძება დაისახა მიზნად ილიამ. პირველ რიგში, თავისუფლების მოსაპოვებლად ხალხის გამოფხიზლებას შეუდგა. იგი მკვეთრად და პირდაპირ დაუპირისპირდა რომანტიკოსებს, რომლებიც რუსული ჩინ-მედლებ დაკიდებულნი „ცდილობდნენ“ საქართველოს დახმარებას და თითქოს გული შესტკიოდათ სამშობლოზე, სინამდვილეში კი პირადი წარმატებისა და კარგი ცხოვრებისთვის იდგნენ რუსეთის სამსახურში.

ილია ჭავჭავაძე

„დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს უგემურ ღმეჯასა და თვალების სრესასა, ეგება, ცრემლი მომივიდესო“ – წერს ილია. იგი ფიქრობდა, რომ „უგემური ღმეჯა“ და წარსულზე დარდი სასიკეთოს არაფერს მოუტანდა ქვეყანას, ახლა საქართველოს გადასარჩენად მხოლოდ მომავალზე ფიქრი და რეალური მოქმედება იყო საჭირო.

„უგუნური ადამიანები სულ მუდამ დასტირიან განვლილ უბედურებას, ხოლო გონიერნი, შეიცნობენ ხოლმე ბედის უკუღმართ ტრიალს და მათ არ აშფოთებს ეს ცვლილებები, და როდესაც წინანდელ მდგომარეობას ჰკარგავენ, არ ისპობენ მომავლის იმედებს…“ – ჯერ კიდევ VI საუკუნეში წარმოთქმული ლაზი ფარტაზის სიტყვები, რომელიც ეხმიანება ილიას ნაფიქრს.

„მგზავრის წერილებში“ ილია თავიდანვე განასხვავებს რუსი დამპყრობლის გროტესკულ სახეებს, რათა შევიცნოთ რუსის რეალური სახე, ამსხვრევს იმ სტერეოტიპს, რომ თითქოს რუსი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას თავისი ადამიანობით, კაცობითა თუ განათლებით. თუ ადრე საქართველოში ავთანდილები, თეთრ ტაიჭზე ამხედრებულნი ამაყად დადიოდნენ, ახლა რუსების მოგონილი „პოვოსკით“ უწევდათ მგზავრობა ბრიყვ რუს „იამშჩიკთან“ ერთად.

თავდაპირველად ილიამ ჩვეულებრივი, დაბალი ფენის წარმომადგენელი რუსის სახე დაგვანახა. ზოგი იტყოდა, აბა, რუსული ელიტის წარმომადგენლებს შეხედეთ, რა ინტელექტუალები არიანო, თუმცა აქ ილიას შემოჰყავს რუსი ოფიცერი, რომლის სახის მეტყველებაც კი ამჟღავნებდა, რომ არაყს ძალიან დაახლოვებით იცნობდა. რუსი ოფიცერი თავიდანვე ქედმაღლობით გამოირჩევა და როდესაც ილიას წარმომავლობას გაიგებს, ცხვირს კიდევ უფრო აიბზეკს და დაიწყებს „სიბრძნეების გადმოფრქვევას“. პირველ რიგში, დაამცირებს ქართულ განათლების დონეს, შემდეგ დედაქალაქსაც მიაყენებს შეურაცხყოფას, „აბა რა ქალაქია თქვენი ქალაქი? ერთი ბოლოდან რომ გადააფურთხო, ფურთხი ქალაქის მეორე ბოლოში დაეცემაო“. მშობლიურ პეტერბურგს კი სამოთხედ წარმოაჩენს. ბოლოს ქართველ ქალებსაც მიადგება: „რუს გოგოს რომ თვალი ჩაუკრა იზლერის ბაღში, მაშინვე გამოგყვება და ქართველი გოგო პირუტყვი, ველურივით მაშინვე გაიქცევაო“. როდესაც გაიგებს, რომ რუსეთის სამხედრო სამსახურში ქართველი გენერლების რაოდენობამ იმატა, აღტაცებას ვერ დამალავს – იქნება რამე გეშველოთ ქართველებს, ამდენი გენერალი რომ ეზრდება ჭეშმარიტ რუსულ კულტურასო. ოფიცერი მის საბოლოო სახეს ბუზების ამბის მოყოლით წარმოაჩენს.

„მგზავრის წერილების“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი მდინარე თერგისა და მყინვარის დაპირისპირებაა. „მყინვარო! დიდებულია მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი… დალოც ღმერთმა ისევ თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი თერგი!…“

ილია თერგში ხედავს იმ ეროვნულ სულისკვეთებას, რომელიც ქართველებს შეეფერებათ. სწორედ ასეთი გიჟური მოძრაობის სურვილით, შეუპოვრობითა და ბრძოლით უნდა გადარჩეს საქართველო.

ავტორს ნაწარმოებში აწუხებს იმაზე ფიქრი, მიიღებს თუ არა ოთხი წლის უნახავი სამშობლო თავის შვილს, გაიგებს თუ არა მივიწყებულ მის ენას, რათა შეძლოს ხალხის გულში დარჩენილი ნაპერწკლის გაღვივება, უნუგეშოთათვის ნუგეშის მიცემა, მტირალთათვის ცრემლების მოწმენდა. გამოვა თუ არა მისი წამოწყებული საქმე? ამ კითხვაზე პასუხს ილია იპოვნის ლელთ ღუნიასთან საუბარში. იგი დაინახავს, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილან სამშობლოს გულშემატკივრები, ტრადიციების დამცველი, არა გარუსებული ქართველები, ისეთები, რომლებიც დღესაც კი დარაჯობენ საყდარს.

– რით იყო ადრე უკეთესი?

ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის. მით იყვეს უკედ. ადრიდა ერი ერობდეს, გული გულობდეს, ვაჟაი ვაჟობდეს, ქალაი ქალაბდის…“

ლელთ ღუნიას ეს სიტყვები ყველაზე მეტად მოხვდა გულზე ილიას, რადგან მართლაც მწარე რეალობა იყო მოხევის თქმული. გამართლდა სოლომონ მსაჯულის სიტყვებიც:

„სახელმწიფოსა სჯულის ერთობა,
არარას არგებს, ოდეს თვისება,
ერთა მათ შორის სხვადასხვაობდეს.“

ნიკოლოზ ბარათაშვილი

 „მგზავრის წერილებში“ ილიამ გამოააშკარავა ყველა ის პრობლემა და უბედურება, რომლებიც საქართველოს შავ ჭირად ჰქონდა შეჩენილი. მისი ნაწარმოები პროგრამულ ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს, ანუ ნაწარმოებში დასმული თითოეული პრობლემა მოგვიანებით განავრცო მთელ თავის შემოქმედებაში. ილიამ ნაწილობრივ მიაღწია მიზანს და გაუღვივა ქართველ ხალხს ნაპერწკალი, თუმცა მარტო მაინც ვერ მოერია რუსული გავლენის ქვეშ მოქცეულ მოღალატეებს და ისევ ქართველის გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა იგი.

„წიწამურში რომ მოკლეს ილია,
მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი…“

გალაკტიონ ტაბიძე

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button