საქართველოს ბიომრავალფეროვნება

მუხა – საქართველოს ბიომრავალფეროვნება

ჩემი გვარი საკმაოდ მდიდარია სახეობებით. მსოფლიოში გავრცელებულია ჩემი გვარის 450-600-მდე სახეობა, რომელთაგან ნაწილი ფოთოლმცვენია, ნაწილი  მარადმწვანე (ძირითადად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში). საქართველოში 7 სახეობაა და აქედან 5 წითელი ნუსხით ვართ დაცულები.

მე საკმაოდ მაღალი ვიზრდები, დაახლოებით 40 მ-მდე და ტანის დიამეტრი 2 მ-მდე, ლამაზი, მძლავრი და გაშლილი ვარჯით. საკმაოდ ხანგრძლივადაც ვცოცხლობ 400-500 წელი, ზოგიერთი ჩემი სახეობა კი უფრო დიდხანს 1000-1500 წელი.

იმდენად გულუხვი ვარ, რომ სხვა ხეებთან შედარებით უამრავი სახეობის ცოცხალ ორგანიზმებს ვმასპინძლობ. ხოჭოები ბურღვით ცდილობენ სქელი დახეთილი ქერქის ქვეშ დაბინავებას, ჩემს ფუღუროებში ბუები და ღამურები იდებენ ბინას, ციყვებისთვის ხომ მისწრება ვარ, მრავალი ცხოველი კი ჩემს ძირში აფარებს თავს. არაერთი მწერი სახლობს ჩემთან, ზაფხულობით მუხლუხოებიც სიამოვნებით ეახლებიან ჩემს ფოთლებს, თუმცა  ასე ადვილად კი არავის არ შევაჭმევეინებ თავს. ჩემი ფოთოლი გამოყოფს ტანინს, მთრიმლავ ნივთიერაბას და დაუპატიჟებელ სტუმრებს ჭამის მადას ვაკარგვინებ ამით.

ჩემს ნაყოფს –  რკოს  გემრიელად მიირთმვენ ფრინველები და ცხოველები. ციყვისთვის კი გემრიელი სასუსნავია, ზოგჯერ მიწაში მალავს, მერე კი რატომღაც ავიწყდება. თესლი ღივდება მიწაში და დროთა განმავლობაში დიდებულ თაობად წარმოგვიდგება ბუნების საოცრებათა შორის.

მე ძალიან ძლიერი და გამძლე ხე ვარ. ჩემი მერქანი ძვირფასი ლპობაგამძლე, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალაა, ხოლო მერქნის გული, ჩემი უნიკალური ქიმიური შემადგელობის გამო, შეუცვლელია ღვინისა და კონიაკის წამოებაში. ჩემი მერქნისგან დამზადებულ კასრებში დაძველებული სპირტი დროთაგანმავლობაში განსაკუთრებულ გემოს, ხარისხსა და უნიკალურ თვისებებს იძენს.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი ნაყოფი-რკო ადამიანთა თავდაპირველი საკვები იყო და პირველი პურიც რკოსგან დაუმზადებია. დღესაც ამზადებენ მისგან ბურღულს, ორცხობილას, ყავას და სპირტს.

ცნობილი ვარ მედიცინაშიც, როგორც ხალხურ, ისე თანამედროვე მედიცინაში: ჩემი ქერქის ნაყენი მრავალი ანთებითი თუ სხვა დაავადების მკურნალია. ხოლო ჩემს კორომში დასვენება და გასეირნება კი გულსისძარღვთა დაავადებულთათვის მისწრებაა ჩემი ფიტონაწილაკების გამო.

საქართველოში ფართოდ ვარ გავრცელებული, ვქმნი როგორც შერეულ ისე წმინდა კორომებს. სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარე ვარ. მართალია პირველ წლებში ძალიან ნელა ვიზრდები, თუმცა შემდეგ ყველაზე ძლიერი და ლამაზი ვარჯი მაქვს.

ცნობილია ევროპაში ყველაზე ასაკოვანი ჩემი სახეობის ხე, ავსტრიის ქალაქ ბად-ბლუმაში ხარობს და იგი 1200 წლისაა, ხოლო ტანის გარშემოწერილობა 8,7 მეტრს აღწევს.  ასევე ცნობილია  უძველესი მუხა, რომელიც სახელგანთქმულია როგორც რობინ ჰუდის მუხა, იგი ინგლისში, შერვუდის ტყეში ხარობს და 800-1000 წლამდე ასაკისაა. ლეგენდის თანახმად, ერთხელ როცა მტერი თავს დაესხათ, რობინი და მისი მხლებლები ამ ხეში დაიმალნენ. ამის შემდეგ მუხა რობინ ჰუდის საყვარელ ხედ იქცა. ინგლისში კი დღესაც კარგად იცნობენ ამ ხეს.

გერმანიის ქალაქ ოიტინში (შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწა) მდებარეობს ერთი ჩემი მონათესავე მუხა, რომელსაც აქვს საკუთარი, ერთი შეხედვით უხილავი ფუღურო, რომელიც გონიერმა და შეყვარებულმა წყვილებმა წერილების ყუთად აქციეს. ეს მუხა დაახლოებით 500 წლისაა და მის შესახებ არსებობს თქმულება, რომ იგი შეყვარებულების მესაიდუმლეა. თურმე, ერთ გერმანელ გოგონას და ბიჭს ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ გოგონას მამა მათი ერთად ყოფნის წინააღმდეგი იყო და შეხვედრებსაც უშლიდა. შეყვარებულებმა მოიფიქრეს მუხის პატარა, შეუმჩნეველ ნახვრეტში ერთმანეთისათვის წერილები დაეტოვებინათ. მათ აღმოაჩინეს, რომ მუხის ნახვრეტი არც ისე პატარა იყო, იგი ხის შიგნით საკმაოდ ფართოვდებოდა და დიდ ფუღუროდ იქცეოდა. მალე ეს ხე სიყვარულის ხედ იქცა და ბევრმა წყვილმა სწორედ მისი ტოტების ქვეშ გადაიხადა ქორწილი.

მე, სიძლიერის სიმბოლო და საყვარელი მცენარე ვარ. ამიტომაც ვარ მთავარი გმირი ბევრი ლექსისა და მოთხრობისა. გალაკტიონ ტაბიძე, ქართული პოეზიის კოლორიტი,  მომეფერა და უფრო მეფური გამხადა თავის ლექსში „მუხა“. ბუნების სულთან ახლოს მდგარი გოდერძი ჩოხელმა „ნამეხარი მუხა“ -ში ხატოვნად აღწერა ბუმბერაზი მუხის ერთი სევდიანი ამბავი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მუხათა სიძლიერე და სულგრძელობა. რევაზე ინანიშვილს ბავშვებისთვის შეუქმნია საინტერესო მოთხრობა „მუხა“, რომელიც გვამცნობს, რომ მუხა ცოცხალი არსებაა და მასზე უდიერად მოქცევა ადამიანის მსგავსად აზიანებს.

აი, ასეთი ახოვანი, ძლიერი და ლამაზი ვარ, მრავალი ისტორიის მომსწრე და ჭირ-ვარამ – სიკეთე გამოვლილი. ახლაც და მომავალში სამყაროს კეთილდღეობისთვის ვარ და ვიქნები მარად ბიომრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილი.

ეკატერინე ბალარჯიშვილი 

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

Back to top button